ვალდებულია თუ არა "თელასი", უზრუნველყოს თბილისის მოსახლეობის უწყვეტი ელეტროენერგიით მომარაგება?
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მე-10 დადგენილების შესაბამისად თელასი ვალდებულია, უზრუნველყოს თბილისის მოსახლეობის უწყვეტი ელეტროენერგიით მომარაგება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც აგრეთვე მითითებულია დადგენილებაში, იხ. დანართი 2). იგივე ვალდებულება აქვს აღებული "თელასს" მომხმარებელთან ელექტრომომარაგების ხელშეკრულებითაც.
როგორც ცნობილია, ხელშეკრულება ორ სუბიექტს შორის ფორმდება და ურთიერთვალდებულებებს სწორედ მხარეები კისრულობენ. შესაბამისად, თელასის დაურეგულირებელი ურთიერთობები ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან თუ გენერაციის ობიექტებთან არ შეიძლება ჩაითვალოს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამართლებად.
უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებასა და მომხმარებელს შორის დადებული ელექტრომომარაგების ხელშეკრულების არსებით ელემენტს მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ფასის გადახდა წარმოადგენს. შესაბამისად, თუკი ხელშეკრულების ერთი მხარე, ამ შემთხვევაში სს "თელასი" არ უწევს მომსახურებას მეორე მხარეს - აბონენტს მის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის სრული დაფარვის შემთხვევაში, იგი ამით არღვევს ხელშეკრულების არსებით პირობას, რაც, საქართველოს სამოქალაქო სამართლის თანახმად, ხელშეკრულების ბათილობისა და ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
სად შეიძლება მოვიძიოთ დაწვრილებითი ინფორმაცია, რა პირობები უნდა იქნეს გათვალისწინებული თელასსა და მომხმარებელს შორის დადებულ ხელშეკრულებაში?
მომხმარებლის (მოსახლეობის) უფლებები გაწერილია ორ ნორმატიულ დოკუმენტში, კერძოდ, სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის # 10 და 2001 წლის 31 დეკემბრის # 15 დადგენილებებში (იხილეთ დანართი 2 და დანართი 3).
სს "თელასსა" და მომხმარებელს შორის მომსახურების ხელშეკრულების დადების პროცედურა
"ხელშეკრულების გაფორმებისათვის მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს ბინის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები (პრივატიზების ან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება) და ბინის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ხელშეკრულებას აბონენტის მხრიდან ხელი უნდა მოაწეროს ბინის მფლობელმა. აბონენტთა მომსახურების ცენტრში უნდა შეივსოს ხელშეკრულების ფორმა, პირველი პირი გადაეცეს მომხმარებელს, ხოლო მეორე დარჩეს სს ,,თელასში" - ინფორმაციის წყარო: `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
აქვს თუ არა "თელასს" უფლება დაბალი ამოღების შემთხვევაში განახორციელოს ჯგუფური გამორთვა?
"თელასს" არა აქვს უფლება, გამოურთოს კეთილსინდისიერად გადამხდელ აბონენტს ელექტროენერგია რაიმე მიზეზის გამო.
მიუხედავად ამისა, "თელასი" აწარმობდა და აწარმოებს ელექტროენერგიის ჯგუფურ გამორთვებს ქალაქის გაუმრიცხველიანებელ რაიონებში, რაც ეწინააღმდეგება სამართლის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს.
"თელასი" არ არის უფლებამოსილი, აპელირება გააკეთოს თბილისის რიგი უბნების გაუმრიცხველიანებაზე, რადგან "ეი-ი-ესი", ხელშეკრულების მე-7 და მე-16 დანართების თანახმად, ვალდებული იყო, დაემთავრებინა გამრიცხველიანების პროცესი სს "თელასის" აქციების ყიდვიდან სამი წლის განმავლობაში (დანართი 7, მუხლი 1.1, დანართი 16 "განცხადება და ხელშეკრულება ელექტრომომსახურებისთვის"). შესაბამისად, სს "თელასმა" არა მარტო დაარღვია ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არამედ ამასთან ერთად არღვევს სემეკ-ის დადგენილებასაც და ამით ზიანს აყენებს მოსახლეობას.
მოვალეა თუ არა "თელასი" უფასოდ შეამოწმოს ლიფტის ან სადარბაზოს განათების სადენი და აღმოჩენის შემთხვევაში გათიშოს უკანონოდ მიერთებული ხაზი (-ები)?
"თელასი" ლიფტის ან სადარბაზოს განათების სადენების უფასო შემოწმებას ახორციელებს მხოლოდ მათ შესაბამის მრიცხველებამდე. უკანონო ხაზის აღმოჩენისას უნდა მოხდეს მასზე მიერთებული დანადგარების დადგმული სიმძლავრის დაფიქსირება. აუცილებელია ასეთი ხაზის ჩაჭრა და შესაბამისი აქტის შედგენა. ელექტროენერგიის დატაცების შემთხვევაში დარიცხული კვტსთ-ების გარდა, აბონენტმა უნდა გადაიხადოს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მატერიალური და შრომითი დანახარჯების ანაზღაურებას აბონენტის მიერ.
"თელასის" ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული "პირობების" 22-ე მუხლის თანახმად: "მომხმარებლის მიერ აღურიცხავი ელექტროენერგიის ფაქტის დადგენილი წესით დაფიქსირების შემთხვევაში, თუ ეს ხდება უკანონო ხაზების მეშვეობით ან აღრიცხვის ხაზის გაყალბებით, მას შეუწყდება ელექტრომომსახურება, ვიდრე იგი არ გადაიხდის დატაცებული ელექტროენერგიის ოდენობის შესაბამის თანხას, უკანონო ხაზის მოხსნისა და დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეკეთების ან შეცვლის ხარჯების და მომსახურების აღდგენის საფასურს, რომელთა გამოთვლა უნდა მოხდეს სს "თელასის" მიერ შემუშავებული და სემეკის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად". ელექტროენერგიის დატაცებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად."
ელექტროენერგიის დატაცებისას კვტსთ-ების დარიცხვის პროცედურები დაწვრილებით მოცემულია სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის # 15 დადგენილებაში. აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლში დაწვრილებით არის განხილული შემთხვევები, თუ რა ითვლება ელექტროენერგიის დატაცებად. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის დატაცების შემთხვევაში დარიცხული კვტსთ-ების გარდა, აბონენტმა უნდა გადაიხადოს მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს მატერიალური და შრომითი დანახარჯების ანაზღაურებას აბონენტის მიერ (იხილეთ დანართი 3-ის, თავი "სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკა").
როგორ უნდა მოხდეს ელექტროენერგიის დარიცხვა იმ მომხმარებლისათვის, რომელსაც არ გააჩნია მრიცხველი?
"ეი-ი-ეს-ის" თბილისის არეალში შემოსავლის პერიოდისათვის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაზიანებული ჰქონდა მრიცხველი ან იგი არ გააჩნდა საერთოდ. მოგეხსენებათ, კომპანია ვერ შეძლებდა ქსელის მომენტალურად მოწესრიგებას და იგი, რა თქმა უნდა, არ არის ვალდებული, ვინმეს უფასოდ მიაწოდოს ელექტროენერგია. გამომდინარე აქედან, "თელასს" სემეკ-მა დაუდგინა ფიქსირებული გადასახადი ოთახების მიხედვით ამ კატეგორიის მომხმარებლისათვის, როგორც დროებითი მოვლენა, ჯერ გადაწყვეტილებით, ხოლო შემდგომ - 2001 წლის 31 დეკემბრის #15 დადგენილებით. ამავე დადგენილებით დაშვებულ იქნა მოხმარებული ელექტროენერგიის დაანგარიშება აბონენტის ბინაში თუ საწარმოში დადგმული სიმძლავრის მიხედვით. დანადგარის დადგმული სიმძლავრის სიდიდეები მოცემულ იქნა ამავე დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული სიდიდეებით დარიცხვა არ შეიძლება იყოს მუდმივი მოვლენა და ენერგომომმარაგებელ კომპანიას უნდა შეეძლოს ამ პრობლემის შემჭიდროებულ ვადებში გადაწყვეტა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეი-ი-ეს თელასმა იკისრა ვალდებულება გამრიცხველიანების სამი წლის განმავლობაში დასრულება, თუმცა დღემდე პრობლემა აქტუალურად რჩება.
ამასთან, ასეთი დარიცხვა არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ 12/30/2002 N1/3/136 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ოთახების მიხედვით ფიქსირებული დარიცხვა უკანონოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან, ანუ 2002 წლის 30 დეკემბრიდან (თუმცა თვით დადგენილების თანახმად, ამ მუხლს ვადა გასდიოდა 2002 წლის 31 დეკემბერს). ამასთან აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ამავე დადგენილების სხვა ფიქსირებული დარიცხვის შემცველ მუხლებზე და ფიქსირებული დარიცხვა დადგმული სიმძლავრის მიხედვით ძალაში დარჩა. დადგმული სიმძლავრეების მიხედვით ფიქსირებული დარიცხვის მეთოდოლოგიისათვის იხილეთ დანართი 3, სს"ეი-ი-ეს თელასის" აბონენტების დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი.
მემორანდუმი 03/04/2003 - ინფორმაციის წყარო: `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ფიქსირებული დარიცხვა ოთახების რაოდენობის მიხედვით. უმრიცხველო და დაზიანებული მრიცხველების მქონე აბონენტების მიერ საშუალოდ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გამოთვლისა და აღრიცხვისათვის მარტის თვის ბოლოს მოხდება სააბონენტო სექტორში ერთ აბონენტზე მარტში დარიცხული საშუალო ხარჯის დაანგარიშება. გაანგარიშებული თანხა ციკლურად დაერიცხება უმრიცხველო და დაზიანებული მრიცხველის მქონე აბონენტებს.
ა/წ აპრილის თვის ქვითართან ერთად უმრიცხველო აბონენტმა უნდა მიიღოს განმარტებითი ბარათი და დააფიქსიროს ხელმოწერით.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი არ ეთანხმება დარიცხულ თანხას, მან უნდა მიმართოს ,,ეი-ი-ეს თელასის" აბონენტთა მომსახურების ცენტრს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და განაცხადოს პრეტენზია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი პრეტენზიის მიღებისთანავე ,,ეი-ი-ეს თელასის" წარმომადგენელმა უნდა აღწეროს მომხმარებლის ბინაში არსებული ელექტროდანადგარები და აბონენტის მიერ შეივსოს ,,განაცხადი ელექტროენერგიის მოთხოვნაზე". განაცხადის შევსებისას აუცილებელია განაცხადში მოყვანილი ინფორმაციის სისწორე დადასტურდეს "ეი-ი-ეს თელასის" წარმომადგენლის ხელმოწერით.
შევსებული განაცხადი უნდა გადაეცეს აბონენტთა მომსახურების ცენტრის ბუღალტერიას სემეკ-ის 2001 წლის #15 დადგენილებაში მოყვანილი ცხრილის მიხედვით გადასაანგარიშებლად. მიღებული კვტ უნდა მიეწოდოს ბილინგის განყოფილებას მონაცემთა ბაზაში სიმძლავრისათვის განკუთვნილ ველზე დასაფიქსირებლად, რის შემდეგაც ყოველთვიურად მოხდება ამ სიმძლავრის მიხედვით დარიცხვა. ამასთან ერთად უნდა მოხდეს 4 იანვრის შემდეგ დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშება განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე.
სეზონის ცვლილების დროს უნდა მოხდეს განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება და ხარჯის ხელახალი დაანგარიშება.
ზემოთ აღნიშნული პროცედურა დროებითი ღონისძიებაა და ,,ეი-ი-ეს თელასის" მიერ ქსელის მოწესრიგების, მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ მოხდება აბონენტზე დაკვირვება და დავალიანების გადაანგარიშება მომდევნო პერიოდის საშუალო ხარჯის მიხედვით."
როგორ უნდა მოიქცეს მცხოვრები (ან მაცხოვრებთა ჯგუფი) გაუმრიცხველიანებელ უბანში, თუ აქვს (აქვთ) საკუთარი მრიცხველის რეგისტრაციისა და შემდგომში ჩვენების მიხედვით გადახდის სურვილი?
გაუმრიცხველიანებელ უბანში საკუთარი მრიცხველის რეგისტრაციის სურვილის მქონე მომხმარებელმა უნდა მიმართოს თელასის შესაბამის ბიზნესცენტრს. ბიზნეს-ცენტრი შეძლებისამებრ ეცდება მათი ინტერესების დაკმაყოფილებას.
რამდენად არის დაკავშირებული თელასი ლიფტების საექსპლუატაციო ნებართვის (ლიცენზიის) გაცემის პროცედურასთან და ეკისრება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა ლიცენზიის მქონე ლიფტის გაუმართავ მუშაობაზე? ვინ უნდა გადაიხადოს სადარბაზოსა და ლიფტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური?
თელასი არ არის დაკავშირებული ლიფტების საექპსლუატაციო ნებართვის (ლიცენზიის) გაცემის პროცედურასთან და მას არ ეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა ლიცენზიის არმქონე ლიფტის გაუმართავ მუშაობაზე.
"მრიცხველების გამოტანის პროცესში იდგმება საერთო სამფაზა მრიცხველი სადარბაზოს განათების და ლიფტების ელექტრომომარაგებისათვის. ვინაიდან ლიფტების დღევანდელი მდგომარეობა სახიფათოა და მათი ტექნიკური მომსახურება ხშირად ხორციელდება არაკვალიფიციური პერსონალის მიერ, ლიფტის ელექტრომომარაგებისთვის მობინადრეებმა უნდა წარმოადგინონ ლიცენზია "თბილლიფტისაგან", რომელიც ადასტურებს, რომ ლიფტი აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს. ყოველი თვის ბოლოს სადარბაზოს მობინადრეები ვალდებული არიან, დაფარონ სადარბაზოსა და ლიფტის მრიცხველებზე რიცხული გადასახადი. გადაუხდელობის შემთხვევაში სადარბაზოსა და ლიფტს შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება." - ინფორმაციის წყარო: `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
როგორ უნდა მოიქცეს მცხოვრები, თუკი ბინაში არ უცხოვრია და ელექტროენერგიის გადასახადი დაარიცხეს ფართის მიხედვით, ან პირობითი დარიცხვით?
"თუ ბინა დაკეტილია და მრიცხველის წამკითხველი ვერ ახერხებს ჩვენების აღებას, ელექტროენერგიის გადასახადი გერიცხებათ პირობითად. თუ ბინაში არსებული მრიცხველი წესრიგშია, იმ თვეების განმავლობაში დარიცხული დავალიანება, როცა ბინა დაკეტილია, ჩამოიწერება გამართული მრიცხველის რეალური ჩვენების აღების საფუძველზე. თუ დაკეტილ ბინაში მყოფი მრიცხველი დაზიანებულია, უნდა წარმოადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული საბუთი სახმმართველობიდან (ამჟამად სერვის-ცენტრი), რომელიც ადასტურებს, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე მართლაც არ გიცხოვრიათ ბინაში." - ინფორმაციის წყარო: `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
ვინაა პასუხისმგებელი მრიცხველების უსაფრთხოებაზე, "თელასი" თუ მოსახლეობა? მრიცხველების დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში ვინ ანაზღაურებს ზარალს?
საცხოვრებელი ბინებიდან სადარბაზოში გამოტანილი მრიცხველებისა და კარადების დაზიანების შემთხვევაში აღდგენით სამუშაოებს ატარებს თელასი თავისი ხარჯებით. თელასი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუკი დამტკიცდება, რომ მრიცხველების ან კარადების დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ქმედებით, მომხმარებელს ამით მიღებული აქვს სარგებელი. მომხმარებელსა და თელასს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ კომუნალური და სამრეწველო მომხმარებლის, აგრეთვე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მომხმარებლის მრიცხველები და კარადები განლაგებულია ამ უკანასკნელთა ტერიტორიაზე, მათ დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
როგორ უნდა მოიქცეს მცხოვრები, თუ მისი მრიცხველი გატეხილია, ლუქი არ აქვს, ან არ მუშაობს?
"დაზიანებული მრიცხველის გამოსაცვლელად და პირობითი დარიცხვის თავიდან ასაცილებლად გთხოვთ, დროულად მოგვმართოთ ეი-ი-ეს თელასის აბონენტთა მომსახურების ცენტრში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განცხადებით მრიცხველის გამოცვლის თაობაზე. მრიცხველის გამოცვლა უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მრიცხველი დაიკარგა ბინიდან, ახალი მრიცხველის დამონტაჟების საფასურია 35 ლარი. მრიცხველის გამოცვლის თაობაზე განცხადებათა სიმრავლის გამო შეიძლება ვერ მოხერხდეს თქვენი დაზიანებული მრიცხველის დაუყოვნებლივ გამოცვლა (თუმცა განცხადების დატოვება სასურველია)." - ინფორმაციის წყარო: `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
როგორ უნდა მოიქცეს მცხოვრები, თუკი ეჭი აქვს, რომ მრიცხველი ბევრს წერს?
"აბონენტები ხშირად შემოდიან საჩივრით, რომ მათი ახალი, გარეთ გამოტანილი მრიცხველი ძველზე სწრაფად ტრიალებს. გვინდა გაცნობოთ, რომ ახალი ტიპის მრიცხველების დისკი ძველთან შედარებით მცირე დიამეტრისაა, რის გამოც 1 კვტ/სთ-ის აღსარიცხად უფრო მეტ ბრუნს ასრულებს, ვიდრე ძველი მრიცხველი. თუ აბონენტს ეჭვი ეპარება თავისი მრიცხველის სიზუსტეში, მან უნდა შეიატანოს განცხადება ამის შესახებ ეი-ი-ეს თელასის აბონენტთა მომსახურების ცენტრში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და შესამოწმებლად გადაიხადოს 5 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ მრიცხველი მართლაც არასწორად აღრიცხავს მოხმარებულ ელექტროენერგიას, აბონენტის მიერ გადახდილი 5 ლარი ჩაითვლება მოხმარებული კვტ/სთ-ების საფასურად, ანუ პრაქტიკულად უბრუნდება აბონენტს.
აბონენტებს ვურჩევთ, შემოწმების თაობაზე განცხადების შეტანამდე თავად შეამოწმონ თავისი მრიცხველის სიზუსტე: მათ შეუძლიათ ჩართონ მხოლოდ რომელიმე ერთი ხელსაწყო, რომლის სიმძლავრეც ზუსტად იციან, შემდეგ კი შეადარონ მრიცხველის ჩვენებას." - ინფორმაციის წყარო: `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ქვითრების მიხედვით
მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც შეადგენს მრიცხველის ბოლო ჩვენების დაფიქსირებიდან არა ნაკლებ 15 კალენდარულ დღეს. ქვითრის არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. მომხმარებელს, რომელიც აღნიშნულ ვადაში არ გადაიხდის ქვითარში მითითებულ საფასურს, შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. მომხმარებლის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ღამის საათებში, შაბათ-კვირას და ოფიციალური დასვენების დღეებში. ხოლო ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემდეგ მომხმარებელს დაუყოვნებლივ უნდა აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.
როგორ უნდა მოიქცეს მცხოვრები, თუკი მაცხოვრებელს აქვს ეჭვი, რომ მისი ხაზით სარგებლობს მეზობელი? რა ღირს სერვისი? ვინ არის პასუხისმგებელი?
ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს. ელექტროსადენის შემოწმებაზე პასუხისმგებელი საკუთარ ბინაში და მრიცხველამდე ბინის მეპატრონეა. სათანადო მომსახურების ნიხრი მოცემულია სემეკის მიერ დამტკიცებული 31.12.2001 #15 დადგენილებით "სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის~ 9 მუხლში. იხილეთ დანართი 3.
თუკი მცხოვრებს თელასთან აქვს პრეტენზიები, ვის უნდა მიმართოს?
თელასისადმი პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს თელასის პრეტენზიების განყოფილებას (იხილეთ დანართი 4 - თელასში წარსადგენი საჩივრის ფორმა), ენერგომომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატს, ან სასამართლოს.
თელასი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისთვის გაწეულ თუ გასაწევ ელექტრომომსახურებასთან დაკავშირებით, აგრეთვე არსებული ტარიფების შესახებ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მომხმარებელი უფლებამოსილია ინფორმაციის მისაღებად მიმართოს ~თელასს~.
რამდენად კანონიერია ვალი, რომელიც დაეკისრა მოსახლეობას მრიცხველების შეცვლის დროს? როგორც ცნობილია, სს "ეი-ი-ეს თელასი" საქართველოში 1999 წლის 4 იანვარს შემოვიდა. ვალები, რომლებიც მომხმარებელს "თელასისადმი" ჰქონდა დაგროვილი გაიყო 2 ნაწილად: 1999 წლამდე, ანუ "თელასის" პრივატიზაციამდე დაგროვილ ვალებად და 1999 წლის შემდეგ დაგროვილ ვალებად.
1995 წლიდან 1999 წლამდე მოსახლეობის ვალებზე სემეკმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, 2001 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, გამოაცხადა მორატორიუმი და მოსთხოვა საზოგადოებას ამ ვალებთან დაკავშირებით შედარებითი აქტების წარდგენა სემეკში.
რაც შეეხება იმ ვალებს, რომლებიც საზოგადოებას "ეი-ი-ეს-ის" შემოსვლის შემდეგ დაუგროვდა, სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის #15 დადგენილებით, დადგინდა, რომ:
სააბონენტო სექტორის იმ მომხმარებლებისათვის (მოსახლეობისათვის), რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, შესაძლებელია მოხდეს მათზე რიცხული ელექტროენერგიის დავალიანების გარკვეულ პერიოდზე განაწილება (რესტრუქტურიზება). რესტუქტურიზაციის (ვალის გადახდის) პერიოდი განისაზღვრება დადგენილი ფორმულით. იხილეთ დანართი 3, "სს "ეი-ი-ეს თელასის" სააბონენტო სექტორის მომხმარებლისათვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემდეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესი".
საზოგადოებასა და მომხმარებელს შორის შეიძლება მოხდეს შეთანხმება და მოხმარებული ელექტროენერგიის გაანგარიშებისას იხელმძღვანელონ დადგმული სიმძლავრის პრინციპითაც. სააბონენტო სექტორში ცნობის გაცემის პროცედურა
"როდესაც საყოფაცხოვრებო სექტორის მომხმარებელი ყიდის ბინას ან დაკავებულ ტერიტორიას და ითხოვს ცნობას დავალიანების არარსებობის შესახებ, მან უნდა მიაკითხოს აბონენტთა მომსახურების ცენტრს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაფაროს მის ანგარიშზე არსებული დავალიანება და მოითხოვოს ცნობა დავალიანების არქონის შესახებ." - ინფორმაციის წყარო: `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
აბონენტის მიერ ბინის გაყიდვის შემთხვევაში ძველი ვალის დაფარვა ერთდროელად უნდა მოხდეს შემდეგ მოსაზრებათა გამო: ბინის ყიდვა-გაყიდვა დამოუკიდებელი სამართლებრივი ურთიერთობაა მყიდველსა და გამყიდველს შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487 -ე მუხლის თანახმად, "გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი". კოდექსი განმარტავს აგრეთვე უფლებრივად უნაკლო ნივთს, კერძოდ "ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო".
ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებად გვევლინებით თქვენ და ყოფილი ბინის ბინის მესაკუთრე, ხოლო სს "თელასი" კი წარმოადგენს მეამე პირს, რომელსაც შეუძლია პრეტენზიის გაცხადება მისადმი რიცხული დავალიანების გამო.
ნაკლის მქონე ნივთის ყიდვის შემთხვევებს ასევე მოიცავს სამოქალაქო სამართალი და ასეთი ნივთის შემძენს მისი უფლებების დაცვის საშუალებას აძლევს. კერძოდ, თუკი მყიდველი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არ გამოიჩენს წინდახედულობას და არ გაარკვევს, უნაკლო იყო თუ არა უფლებრივად შეძენილი ნივთი, მას შეუძლია დაფაროს ბინაზე რიცხული დავალიანება, ხოლო შემდეგ რეგრესის წესით მოსთხოვოს ანაზღაურება გამყიდველს. დროებითი მომსახურება
"იმ შემთხვევაში, თუ აბონენტები მიმართავენ სს `თელასს~ დამატებითი დროებითი მომსახურების მოთხოვნით, გაზრდილი სიმძლავრის ან სამფაზა დანადგარების (შედუღების აპარატის, იატაკის მოხვეწის აპარატის და ა.შ.) გამოსაყენებლად, `თელასის~ მომსახურების ცენტრის წარმომადგენლის მიერ ხდება მომხმარებლის ელექტროდანადგარისათვის შესაბამისი კვების მიწოდება, რაც, ხშირად, არ აღირიცხება მრიცხველით. ასეთ შემთხვევაში დარიცხვა ხდება დანადგარის სიმძლავრის და გამოყენების კოეფიციენტის საშუალებით:
E=W*T*k
სადაც E არის დამატებითი მომსახურებისათვის დარიცხული ელექტრენერგიის რაოდენობა, ჭ არის დანადგარის სიმძლავრე, T - დამატებითი მომსახურების დრო, k =0.5 - დანადგარების გამოყენების საანგარიშო კოეფიციენტი." - ინფორმაციის წყარო: `თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
ვინ არის პასუხისმგებელი სადარბაზოს ან ქუჩის განათებაზე?
ქუჩის განათებაზე პასუხისმგებელია ქალაქის მუნიციპალიტეტი, ხოლო სადარბაზოს განათებაზე - მცხოვრებლები.
რა შეღავათები არსებობს ელექტრონერგიის მომხმარებლებისათვის
საქართველოს მოსახლეობის ე.წ. სოციალურად დაუცველი ფენებისათვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ სოციალურ დახმარებებსა და შეღავათებს, რომელთაგან ერთ-ერთი არის შეღავათი ელექტროენერგიის მომსახურებით სარგებლობაზე.
"საქართველოს 2004 წლის ბიუჯეტის შესახებ" კანონის თანახმად, ელექტროენერგიის უფასო მომსახურებით ზამთრის სეზონზე (ნოემბერი-მარტი) 250 კვტ/სთ ოდენობით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი-ოქტომბერი) - 150 კვტ/სთ ოდენობით, სარგებლობის უფლება აქვთ:
* მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებს;
* სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ინვალიდებს;
და
* მათთან მცხოვრებ ინვალიდ ან ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრს.
ასევე, ზამთრის სეზონზე (ნოემბერი-მარტი) 125 კვტ/სთ ოდენობით თვეში, ხოლო ზაფხულის სეზონზე (აპრილი-ოქტომბერი) 175 კვტ/სთ ოდენობით ელექტროენერგიით უფასოდ მომსახურება გათვალისწინებულია:
* მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან მცხოვრები პენსიონერების, ინვალიდების ან ოჯახის შრომისუუნარო წევრებისათვის;
* სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეების, მათთან მცხოვრები პენსიონერებისა და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებისათვის;
* მეორე მსოფლიო ომში და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებათა დროს დაღუპულთა, ომის შემდგომ პერიოდში დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლები, მიუხედავად მათი ასაკისა, მეუღლე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა და არასრულწლოვანი შვილები და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად იღებენ მარჩენალის დაკარგვის პენსიას;
* სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან მცხოვრები ოჯახის შრომისუუნარო წევრებ&